გიორგი გახარია: როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს
“როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-11 შემთხვევას გამოეხმაურა.
“დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ დღეს კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ, სამწუხაროდ – აჭარის რეგიონის მკვიდრი, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან, ჩვენი 81 წლის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც გარდაიცვალა. ამას ვამბობ ერთადერთი მიზეზისა და მიზნის გამო, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ. უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება”, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მეთერთმეტე შემთხვევა დაფიქსირდა.