შოთა რეხვიაშვილი: ქვემო ქართლში ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს

“რეგიონში ერთეული შემთხვევებია მატების და მხარეში უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოთხი დღის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი კვლევები და, ჯამურად, 1680-მდე ადამიანი გამოიკვლიეს.

„ოთხი დღის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი კვლევები და, ჯამურად, 1680-მდე ადამიანის საკვლევი მასალა იქნა აღებული და შემოწმებული. აქედან დადასტურდა მხოლოდ ერთი ფაქტი. ინფიცირებული არის ე.წ. სასწრაფო-დახმარების ექიმის კლასტერიდან, რომელიც იყო მკაცრ თვითიზოლაციაში. ამ მასშტაბის კვლევებიდან მარნეულში პრაქტიკულად უკონტროლო გავრცელება არ ყოფილა და რაიმე მოულოდნელი შედეგი არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი შედეგია.
ამ დღეებში ქვემო ქართლში დაავადების გავრცელების ერთეული შემთხვევები იყო. გუშინ დადასტურდა თეთრიწყაროში 4 ფაქტი და ისინიც იყვნენ საკარანტინე სივრციდან და იზოლაციიდან. ბოლნისში დადასტურდა მხოლოდ ერთი ფაქტი, ეს პაციენტი იყო “ცხელების ცენტრში” გადაყვანილი და მკურნალობისას დადასტურდა კორონავირუსი.
მინდა გითხრათ, რომ დღესაც თეთრიწყაროში არის სამი დადასტურებული ფაქტი და ეს ადამიანებიც იყვნენ იზოლაციაში. შეგვიძილია ვთქვათ, რომ დროული რეაგირების გამო, თეთრიწყაროში როდესაც დავინახეთ რომ იყო ფართო მასშტაბით გავრცელება – 73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინე სივრცეებში“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ასევე, მისი განცხადებით, დღეს ბოლნისში დაიწყება ფართომასშტაბიანი კვლევა. ამასთან, მოეწყობა რამდენიმე სამედიცინო ცენტრი, სადაც რისკჯგუფში მყოფი ადამიანები შემოწმდებიან .

„დღეს იწყება ორგანიზება ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმგვარი სცენარით, რაც იყო მარნეულში და ჩვენ გავაკეთებთ რამდენიმე მიმღებ ცენტრს, სადაც მასობრივად იქნება რისკჯგუფები შემოწმებული, დავიწყებთ სოფელი მუშევანიდან, სადაც მოსალოდნელი იყო დაავადების გავრცელება, ასევე ,დღეს გაკეთდება კვლევები სოფელ გეტაში. ჯამურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთეული შემთხვევებია მატების და ქვემო ქართლში უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს და შემცირებისკენ მიდის გამოვლენის ფაქტები“ , – განაცხადა მხარის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები