კარლ ჰარცელ: რთული წელი იქნება, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ყველაფერს მოვერევით
“სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო – მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც მისი თქმით, ქვეყანა გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.
„ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.
სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები – ანუ „ევროპის გუნდი“ – გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.
დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.
ეს იქნება რთული წელი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.
გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს. გილოცავთ ევროპის დღეს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.