ზურაბ ჯიბღაშვილი: მიხეილ სააკაშვილი რა მიზნითაც დათანხმდა ამ თანამდებობას, ეს კარგად წაკითხვადია
“ნაცებისგან” “ქოცის” და “ქოცებისგან” “ნაცის” ძახილი ნაკურთხია, რადგანაც ვიცი თქვენი შესაძლებლობები, თუნდაც – უკიდურეს ფანტაზიებში”, – ასე ეხმაურება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასა და ამასთან დაკავშირებით გაჟღერებულ პოლიტიკურ გამოხმაურებებს.
“ვიღაცის სადღაც დანიშვნით აღტკინებულები და ამით ამ ხელისუფლებაზე ილუზორულად უკვე გამარჯვებულის იერით მომზირალნი; ვიღაცები კიდევ, ამის გამო გააგრესიულებულები. აი, ამ პოსტს რომ ამოაგდებს მემორი, მაშინ სად იქნება ნეტა ის ორი პოლიტიკური წარსული?! ორივე კერპის თაყვანისმცემელნი კი აქ იქნებით და სხვებივითი უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრებას იმსახურებთ.
მიხეილ სააკაშვილი რა მიზნითაც დათანხმდა ამ თანამდებობას, ეს ორივესთვის კარგად წაკითხვადია. ამიტომ, მოთმინება, მოთმინება.
P.S “ნაცებისგან” “ქოცის” და “ქოცებისგან” “ნაცის” ძახილი ნაკურთხია, რადგანაც ვიცი თქვენი შესაძლებლობები, თუნდაც უკიდურეს ფანტაზიებში”, – წერს ზურაბ ჯიბღაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.