დავით ზალკალიანი: საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა, 13 კი გარდაიცვალა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა, 13 კი გარდაიცვალა. მისივე თქმით, გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცედურები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა, რამაც პროცესის შეფერხება გამოიწვია.
„კორონავირუსით, ამ ეტაპზე, საზღვარგარეთ საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვის ფონზე, მოგეხსენებათ, ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილთა გადმოსვენების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა მათ დახმარებას. მხედველობაში მაქვს ოჯახის წევრების დახმარება შესაბამის პროცედურებთან მიმართებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.