დავით ჩიხელიძე: პირველად თავდაცვის ძალების 29-წლიან ისტორიაში, ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოში საუკეთესო ეკიპირებით შეიმოსებიან

„პირველად თავდაცვის ძალების 29-წლიან ისტორიაში, სამხედრო მოსამსახურეები „ლოვასა” და „ჰაიქსის” მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლითა და მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმით არიან უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ასეთი ეკიპირებით მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.

„საქმით განმტკიცებული სიტყვა!

გუშინ თავდაცვის სამინისტროს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა, პირველად თავდაცვის ძალების 29-წლიან ისტორიაში, სამხედრო მოსამსახურეები „ლოვასა” და „ჰაიქსის” მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლითა და მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმით არიან უზრუნველყოფილნი. ეს არის უმაღლესი ლიგა! ასეთი ეკიპირებით მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. აღნიშნული ნატო-ს ქვეყნების სტანდარტია, ახლა კი მათ რიგებს საქართველოს მცირერიცხოვანი, მაგრამ საუკეთესოდ მომზადებული, პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ჯარი შეუერთდა!

საინტერესოა, როგორ მოხერხდა მაღალი ხარისხის ფორმისა და ბათინკის მესამედ ფასად შეძენა. საქმე ისაა, რომ ასეთი საკითხები, როგორც წესი, შუამავლების საშუალებით წყდებოდა. ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიდგომით კი, მოხდა ხარჯების მაქსიმალური დაზოგვა და უნიფორმების უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვა”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანლის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობა თავდაცვის ძალებისთვის ახალი სიტყვაა.

„დასაწყისში „საქმით განმტკიცებული სიტყვა” შემთხვევით არ დამიწერია. ჩემი ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მუშაობის მონიტორინგს, განვლილი პერიოდის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობა თავდაცვის ძალებისთვის ახალი სიტყვაა!

დიახ, პირადად მინისტრის დამსახურებაა, რომ თავდაცვის ძალებში სიახლისა და პროგრესის მძლავრი ტალღა აგორდა. ჯერ კიდევ 2019 წლის 20 დეკემბერს გაჟღერდა, რომ ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოში საუკეთესო ეკიპირებით შეიმოსებოდნენ. შესაძლოა, მაშინ მინისტრის სიტყვები ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ შედეგმა გვიჩვენა, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთია. ამის დასტურია თავდაცვის სისტემისთვის ახალი სადაზღვევო პაკეტი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელების აქტიურ ფაზაშია. ასევე, ჯარისკაცებისთვის გაუმჯობესებული კვება, მომატებული ხელფასები, ახალი საბინაო პოლიტიკა და სხვა.

„ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს”, – აცხადებს ჩიხელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები