ლევან რატიანი: კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 72 პაციენტი გვყავს. აქედან 58-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. დღეს კლინიკიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პაციენტი გაეწერება იმიტომ, რომ გეგმურად, პროტოკოლის მიხედვით ტესტირების შედეგად, მხოლოდ მას ეკუთვნის გაწერა.
რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. ორის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, ოქსიგენდამოკიდებულებით. რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც რეანიმაციაშია მძიმე მდგომარეობაშია – იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გამარტივებულია რეჟიმზეა. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას – მათი მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არცერთთან არ ფიქსირდება. არცერთი ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპამდე არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით ლუგარიდან პასუხებს. რაც შეეხება ორ ორსულს – მათი მდგომარეობა სტაბილურია, ხდება როგორც მათი, ასევე, ნაყოფების მონიტორინგი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა რატიანმა.