მიხეილ დაუშვილი: ბიზნესს დღეს აქვს გამოწვევები და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო კოოპერაციით შესაძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა და ყველა პრობლემაზე დროული პასუხი

“ბიზნესს დღეს აქვს გამოწვევები და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო კოოპერაციით შესაძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა და ყველა პრობლემაზე დროული პასუხი”, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოში მოქმედ დარგობრივ ბიზნეასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენმა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საქართველოში მოქმედ დარგობრივ ბიზნეასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის გახსნის, სამუშაო ადგილებზე ვირუსის პრევენციისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ბიზნეს სექტორებთან მთავრობის შესაბამისი უწყებებისგან კომუნიკაცია გაგრძელდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დარგობრივ ასოციაციებთან. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომლებიც ბიზნეს აქვს დღეს და რომელიც გამოწვეულია COVID 19-ით. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინაცია, რომ ბიზნესმა საქმიანობის განახლების შემდეგ შეძლოს დაიცვას ყველა ის სტანდარტი და რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ბიზნესს დღეს აქვს გამოწვევები და სახელმწიფოს და კერძო სექტორის მჭიდრო კოოპერაციით შესაძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა და ბიზნესის ყველა პრობლემაზე დროული პასუხი, პირველ ყოვლისა რეკომენდაციებით და გაიდლაინების მიცემით, როგორ დაიცვან თავი. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ბიზნესი დროულად გაიხსნას, დროულად ამოქმედდეს, კვლავ შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაუბრუნდეს ნიშნულს, რომელიც არსებობდა COVID 19-მდე”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, მენაშენეთა ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რითეილის ასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციაციის, მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის და სილამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენლები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესს მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები