მარინა ეზუგბაია: ჩვენს კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას თანარსებული ორი მძიმე დაავადებაც აქვს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაიამ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში 56 პაციენტი წევს, აქედან ორი არის შესაძლო შემთხვევა, ჩაუტარდებათ ტესტირება და მათი მდგომარეობა გაირკვევა. 54 დადასტურებული შემთხვევაა. 29 გამოჯანმრთელებულიდან 4 ჩვენია.
მძიმე პაციენტებიდან კვლავ გვრჩება ერთი კრიტიკული, მძიმე პაციენტი, ხანდაზმულია, აქვს ძალიან მძიმე პნევმონია, თანარსებული ორი მძიმე დაავადება – ეს არის შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, როგორი იქნება პროგნოზი, რადგან კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები ჯერ სტაბილური არ არის, გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ არ არის.
7 პაციენტი გვყავდა საყურადღებო მძიმე პნევმონიით. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაუმჯობესება დაგვეწყო და გვრჩება მხოლოდ ორი მძიმე პნევმონიით, ხუთი კი უკვე, თავისი კლინიკური ზოგადი მდგომარეობითა და გამოკვლევის შედეგებით, შეგვიძლია, საშუალო სიმძიმის პაციენტებად ჩავთვალოთ. ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.