პროკურატურამ თემაზე – „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაგეგმილი „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ თემაზე სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დისტანციური შეხვედრაზე.
გენერალური პროკურატურის ინიციატივით, 2020 წლის 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი კვლევის დიზაინის თანახმად, კვლევა მრავალმხრივი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე განხორციელდება და რესპონდენტები ძალადობის მსხვერპლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებიც იქნებიან.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიასა და საორიენტაციო ვადებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კვლევის ინსტრუმენტები.
როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის. ასევე იქნება შესაძლებელი სხვა აქტუალურ პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთოს რა გარემოებით არის გამოწვეული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიერ მისივე ოჯახის წევრ მოძალადის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ან სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარი და რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული პრევენციის საშუალებები.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული დახმარების უზრუნველყოფა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ოჯახური ძალადობის შესახებ კვლევა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს განისაზღვროს – ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვის საჭიროება, ასევე რამდენად არის იგი მიმართული მოძალადის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ.