ლევან რატიანი: ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს

“ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანმა კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 79 პაციენტი გვყავს, რეანიმაციაში არის 5. დღეს განხორციელდება ერთი პაციენტის გადაყვანა. მართვით სუნთქვაზე ორი პაციენტი რჩება. აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, მეორის სტაბილურია. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას – ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდ ინფიცირებული გვყავს 61 შემთხვევა, დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება.

10 პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს, რომ ათივესთან განმეორებით მოვა უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები