მაკა სოლოღაშვილი: კლინიკაში მყოფი 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, ველოდებით 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.
სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ბოქსირებულ სექტორში დღეს 78 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 66 ადამიანს აქვს დადასტურებული. გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული. ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. 12 18 წლამდე მოზარდი გვყავს, ერთია რეანიმაციის პაციენტი. 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. გამოხატული აქვთ ორმხრივი პნევმონია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიც საყურადღებოა.
სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის.
სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით, 8 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა ეს რიცხვი დღის განმავლობაში შესაძლოა, გაიზარდოს.
არსებული მდგომარეობა, რიცხვები ბევრ რამეს გვიჩვენებს, დღეს გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება და არცერთი ახალი დადასტურებული პაციენტი. თუ ძველ პერიოდს არ გავითვალისწინებთ, ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი კლინიკის სტატისტიკით პირველი შემთხვევაა”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.