ლევან გოფოძე: მძიმე პაციენტი მივიღეთ, რომელსაც არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა აქვს, გამოხატული მექანიკური სიყვითლით, მისი მკურნალობის პროცესში ქირურგებიც ჩაერთნენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ​კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკიდან დღეს დილით 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

„კოვიდინფექცია დადასტურებული აქვს 38 პაციენტს. ჩვენთან გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც დაიწყო. ამ დილით 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება გამოჯანმრთელება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავწერთ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს – ვინც მკურნალობის ქვეშ რჩება, რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას. შეიძლება, ამაზე ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ეს ძალიან კარგია პროგნოზის თვალსაზრისით ყველა იმ პაციენტისთვის, ვინც ჩვენთან მკურნალობს. კორონავირუსზე კვლევა დღეს კიდევ 15-მდე პაციენტს ჩაუტარდება. ჩვენთან ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა გუშინ ორი პაციენტი გადმოიყვანეს ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით, მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. ასევე, მივიღეთ სხვა მძიმე პაციენტიც, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები, არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე, სავარაუდოდ. დავიწყეთ ამ პაციენტის კვლევა. დღეს უკვე ქირურგები ჩაერთნენ მისი მკურნალობის პროცესში, გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და მერე სამკურნალო მანიპულაციები”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები