მარინა ეზუგბაია: გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“დღეს გვაქვს 593 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 215 გვყავდა, დაგვემატა 8 და არის 223. ამ მონაცემების შეჯამებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში 361 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან შემოვიდა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. ამ ეტაპზე, ჩვენ გვიწევს 55 დადასტურებული შემთხვევა და გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანრმრთელებული, ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება.
გვყავს კვლავ 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე, ჯერჯერობით, მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება და ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. 7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ორი დღის განმავლობაში მათი დინამიკა გაუარესებისკენ არ არის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.