ამირან გამყრელიძე: მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს – ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი

“მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს და, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ დღეს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

„ქალბატონმა ელჩმა გააკეთა განცხადება და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მოგეხსენებათ, საელჩო წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც უწევს უზარმაზარ დახმარებას ჩვენს ქვეყანას. მან გააკეთა სწორედ ის განცხადება, რაზეც მე ვისაუბრე, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ამერიკის წამყვან ინსტიტუციებთან ჯანდაცვის დარგში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტთან. სწორედ მათი მხარდაჭერით არის საქართველოში გამართული ეს სისტემა. კიდევ ერთხელ, მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ ისინი გვერდში უდგანან ქვეყანას და განსაკუთრებით, ყოველთვის კრიზისულ სიტუაციებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს “პირველ არხთან” საუბრისას.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ჰაკერები, უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთში, სხვა ადგილებში, თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუე და უპასუხისმგელობაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები