ანა დოლიძე: საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობ მორატორიუმს ეგიდით – ექიმები პოლიტიკის გარეშე
“საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობ მორატორიუმს ეგიდით – ექიმები პოლიტიკის გარეშე”, – ამის შესახებ იურისტმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ოპოზიციას მოუწოდა და შესთავაზა, ნუ გააკრიტიკებენ და ნუ მიიტანენ იერიშს სამედიცინო პროფესიაზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით.
“ამდენი ხნის მანძილზე კოვიდჟამიანობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან ჩვენი ექიმები, ექთნები და მთლიანად სამედიცინო საზოგადოება. სწორედ მათ ცოდნაზე, თავდადებასა და ავტორიტეტზე არის დამოკიდებული, მრავალწილად, ჩვენი გამარჯვება პანდემიასთან მიმართებით. ამ პირობებში შეუძლებელია მათი მისამართით მიმართული ქიშპი და ქილიკი. შეუძლებელია, ისინი თავდადებულნი ებრძოდნენ უსერიოზულეს გამოწვევას და ამ დროს მათ სჭირდებოდეთ თავის დაცვა პოლიტიკური დღის წესრიგისგან. შესაბამისად, იმისათვის, რომ დავიცვათ, მხარში დაუდგეთ ჩვენს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობ მორატორიუმს, ეგიდით – ექიმები პოლიტიკის გარეშე.
ამ მორატორიუმის თანახმად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ მიიწეროს საკუთარ თავზე ის დამსახურება, რომელიც განპირობებულია სრულიად სამედიცინო პერსონალის შრომით. მეორე მხრივ კი ოპოზიციას ვთავაზობ – ნუ გააკრიტიკებენ და ნუ მიიტანენ იერიშს სამედიცინო პროფესიაზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით.
ორივე მხარეს ვთავაზობ მორატორიუმს, რათა ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა შეინარჩუნოს ის ავტორიტეტი რაც დაგვეხმარება გავერთიანდეთ პანდემიასთან საბრძოლველად. მოგვეცით საზოგადოებას საშუალება, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე განვიხილოთ, ის რასაც აკეთებს ჩვენი სამედიცინო პერსონალი, ამით ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. მორატორიუმი ექიმები პოლიტიკის გარეშე ეს არის ჩემი შეთავაზება მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.