მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინის გაუჩინარებაზე ისაუბრა
აშშ-ში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თითქმის ორკვირიან გაუჩინარებას უჩვეულოდ აფასებენ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რადიოსადგურ IHeart-ის ეთერში განაცხადა, ეს გაუგონარი ამბავი არ არის, მაგრამ ძალიან უჩვეულოა.
“ყურადღების მიდევნებას ვაგრძელებთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ნებისმიერი ვითარებისთვის ვიყოთ მზად”, – თქვა პომპეომ.
მისი თქმით, რაც უნდა ხდებოდეს, აშშ-ის ერთი მიზანი აქვს.
“როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რაც უნდა ხდებოდეს, ერთი მიზანი გვაქვს, რომელიც სინგაპურში მიღწეული შეთანხმების შესრულებას გულისხმობს. შეთანხმება გულისხმობდა იმას, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ უნდა გააჩნდეს, ასევე, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას ნათელი მომავალი ჰქონდეს”, – აღნიშნა პომპეომ.
კიმ ჩენ ინი ხალხში 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა.
მედიაში მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ფხენიანის ლიდერი გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.