“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ, კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა”
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში მყოფ, კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდ19-ის დიაგნოზი და კლინიკაში უკვე მესამე კვირას მკურნალობდა, ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, შევეცადეთ, ტკივილები კუპირებულიყო კონსერვატიული მკურნალობით. მაგრამ ორი დღის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, ჰიპერკუაგულაცია, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან – ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. ჩვენს კლინიკას სერიოზული გამოცდილება აქვს, 6 ოპერაციაა მზაობაში. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განმარტა სოლოღაშვილმა.