თამილა ბარკალაია: თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია არანაირ გავლენას არ მოახდენს მათ სოციალურ სტატუსზე
“თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია არანაირ გავლენას არ მოახდენს მათ სოციალურ სტატუსზე. ეს არის ერთჯერადი გასაცემელი”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ შეკითხვას – “თვითდასაქმებულთათვის გათვლილი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღება მოახდენს თუ არა გავლენას სოციალურად დაუცველის სტატუსზე”.
მისივე თქმით, სოციალური გასაცემლებისა და უმუშევრებისთვის გასაცემლების დადარება არ ხდება.
„სოციალურად დაუცველების შემოსავალი 2019 წლიდან აღარ ითვლება ავტომატურად სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოგდების მიზეზად. ჩვენ გავაჩინეთ იმის შესაძლებლობა, რომ სოციალურად დაუცველებს დაუფიქსირდეთ შემოსავალი და, პირიქით, წავახალისოთ მათი დასაქმება. თუმცა, ცხადია, არის ბევრი სოციალურად დაუცველი, რომელიც თვითდასაქმებულია. მიზნობრივი სოციალური შემწეობის მიმღებთა, დაახლოებით, 40-45% არის შრომისუნარიანი პირი, რომელიც, დიდი ალბათობით, არაფორმალურ სექტორშია ჩაბმული. სწორედ ამიტომ, მოკლევადიანი დახმარების მიზნებისთვის ჩვენ არ ვაკეთებთ სოციალური გასაცემლებისა და უმუშევრების გასაცემლების დადარებას იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველები ვინც რეგისტრირდებიან, მათი მოწყვლადობა უკვე გამოკვლეულია და მიუხედავად მათი შემოსავლის წყაროსი, მაინც სოციალურად დაუცველებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია არანაირ გავლენას არ მოახდენს სოციალურ სტატუსზე. ეს არის ერთჯერადი გასაცემელი, რომელიც მოკლევადიანად არის ორიენტირებული”, – განაცხადა ბარკალაიამ.