“მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან, რათა დამატებით 100 მლნ გამოუყოს საქართველოს და, მსოფლიო ბანკთან ერთად, ჯამურად, ეს თანხა 180 მლნ დოლარს შეადგენს”

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის, რათა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა დამატებით 100 მლნ გამოუყოს საქართველოს და, ჯამურად, ეს თანხა 180 მლნ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს გაწეული მხარდაჭერისთვის.

“მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, მთელს გუნდს, აქაური ოფისისა და, ასევე, ვაშინგტონშიც. პირველები იყვნენ, ვინც გამოგვეხმაურნენ ამ კრიზისის დაწყებისთანავე. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და გუშინ შეთანხმებით დასრულდა. ისტორია აქ არ მთავრდება, მსოფლიო ბანკი ასევე გააგრძელებს დახმარების მეორე და მესამე ეტაპს, რომელიც მოიცავს ე.წ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების პროგრამას, სადაც დახმარებები გამოიყოფა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომაგენელთათვის. ასევე, მინდა გითხრათ, რომ, გუშინდელ შეთანხმებასთან ერთად, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მოლაპარაკებები, რათა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა დამატებით 100 მლნ გამოუყოს საქართველოს იმავე პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ მსოფლიო ბანკთან გვაქვს და ჯამში ეს თანხა 180 მლნ დოლარს შეადგენს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები