მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
სებასტიან მოლინეუსის თქმით, იგეგმება ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე, ტესტირების კომპლექტების დაფინანსება.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს, გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ექიმისა და ჯანდაცვის მუშაკის მიმართ, რომლებიც მოწინავე ხაზზე იმყოფებიან და განსაკუთრებულ და გმირულ საქმეს აკეთებენ. ასევე, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ, ვინც არნახული დისციპლინა და სიმტკიცე აჩვენა COVID-19 პანდემიის ამ მეტად რთულ პერიოდში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ სიამაყით გვსურს, განვაცხადოთ ჩვენს პარტნიორთან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად 180 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტის გამოყოფის შესახებ ჯანდაცვის სექტორისა და სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის. კერძოდ, ჩვენ ვაპირებთ ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ ღონისძიებების მთელი რიგის ხელშეწყობას მიზნობრივი სოციალური დახმარების და ფულადი ტრანსფერების საშუალებით მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს.
ახლა ეს ყოველივე ფართო პროგრამის ნაწილია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, პირველ ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობაზე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მექანიზმებით, მეორეა საქართველოს მთავრობა, რომელსაც ხელს შევუწყობთ ბიუჯეტის მხარდაჭერის ღონისძიებებით დაბოლოს, მესამეა კერძო სექტორი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვირუსის გამო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა.
და ბოლოს, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ყველა საჯარო და კერძო სუბიექტსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. მტკიცედ მჯერა, რომ თუ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გავერთიანდებით, ამ კრიზისიდან გაცილებით ძლიერები გამოვალთ”, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.