მარინა ეზუგბაია: პირველად ხდება და სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია ინფიცირებულებზე

“პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რიცხვმა 168 შეადგინა.

„გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511, დაგვემატა სულ ექვსი ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის,  ჯამურად, კოვიდ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენთან გამოჯანმრთელებულები უკვე 63-ია. გუშინ სამ პაციენტთან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი ტესტი და სამივემ დატოვა კლინიკა.

უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მხოლოდ სამი პაციენტი განიხილება, როგორც მძიმე პნევმონიით დავადებული. მოზარდები გვყავს 11. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედია, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანმრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კრიტიკული პაციენტი არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები