სეული: კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ცნობები “ინფოდემი” და “ფეიკია”
სამხრეთ კორეის ეროვნული გაერთიანების საქმეთა მინისტრმა, კიმ ენ ჩხოლმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები “ინფოდემიად” და “ფეიკად” შეაფასა.
ამის შესახებ მინისტრმა ეროვნულ საკრებულოში თქვა, – წერს სააგენტო “რენჰაპი”.
მისი თქმით, სამხრეთ კორეის მთავრობის მონაცემით, ჩრდილოეთ კორეაში არაფერი უჩვეულო არ ხდება.
“მხოლოდ ინფოდემიის გამოვლენას ვხედავთ, რაც დასანანია”, – აღნიშნა კიმ ენ ჩხოლმა.
კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ CNN-მა გამოცემა Daily NK-ზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ, თითქოს, კიმს ოპერაცია ხიანსანის სამედიცინო ცენტრში გაუკეთეს.
“აქ ლოგიკაც არ არის. ხიანსანის სამედიცინო ცენტრი პოლიკლინიკაა, დაწესებულება, სადაც ოპერაციების ან სამედიცინო პროცედურების ჩატარება შეუძლებელია”, – განმარტა მინისტრმა.
მან საზოგადოებას ვითარების კორონავირუსისგან დაცვის ზომის ჭრილში განხილვისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება ტერმინს “ინფოდემია” – ის COVID-19-ის პარალელურად გავრცელდა და, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, “საინფორმაციო ეპიდემია”, (“ინფოდემია”)ვირუსულ ეპიდემიაზე სწრაფად ვრცელდება.