ნათია თურნავა: ველოდებით, რომ კერძო კომპანიები გვერდში დაუდგებიან თავისივე დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ლიბერალურად მივუდგეთ ამ საკითხს
“ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა პრაქტიკულად ყოვლისმომცველია იმიტომ, რომ მასში არის სოლიდური რესურსი გათვალისწინებული – არა მარტო ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების მიმართ დახმარება, არამედ თვითდასაქმებულების მიმართაც”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ “რუსთავის ორის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის კონსენსუსი უნდა შედგეს.
“ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა არის პრაქტიკულად ყოვლისმომცველი იმიტომ, რომ მასში არის ეს მთელი მიმართულება და სოლიდური რესურსი გათვალისწინებული არა მარტო ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების მიმართ დახმარება, არამედ თვითდასაქმებულების მიმართაც, რაც არც თუ ისეთი ხშირი პრეცედენტი გვაქვს ჩვენ ამისი. დღეს იმდენად ვხედავთ ჩვენ, რომ გაუჭირდა მოსახლეობას ამ გლობალური გამოწვევების გამო და ვხედავთ აუცილებლობას გვერდში დადგომის და დახმარების, რომ არაფორმალურად დასაქმებულებიც აუცილებელი მიმღებები არიან ჩვენი დახმარების.
ის შეღავათი, რაც ჩვენ გავწიეთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების თვალსაზრისით ეს ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზის მოხმარება, როდესაც სახელმწიფო 3 თვეს უხდის აბონენტებს, ასევე შეეხებოდა ყველა კატეგორიის დასაქმებულს, მათ შორის თვითდასაქმებულს, ვინც კი არის აბონენტი და იხდის ელექტროენერგიას, ანუ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს და ოჯახს შეეხებოდა. შემდეგი ნაბიჯი არის ეს 300-ლარიანი დახმარება, რომელიც არის უშუალოდ თვითდასაქმებულებზე. ვფიქრობ, რომ უნდა შედგეს კონსენსუსი კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო, თავის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმების სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი, რთულად აღრიცხვადი და ბოლომდე, რა თქმა უნდა, აქ ყველაფრის ადმინისტრირება ახლაც გაგვიჭირდება, მივდივართ ამ რისკზე და ჩვენ გვირჩევნია, რომ უფრო ყოვლისმომცველი იყოს ჩვენი პროგრამა და მივწვდეთ ყველა თვითდასაქმებულს, ვიდრე გავამკაცროთ ადმინისტრირება და მხოლოდ ოფიციალური ანგარიშგებით წავიდეთ. ველოდებით, რომ კერძო კომპანიები, ვინც ასეთ ადამიანებს ასაქმებდა, ასევე გვერდში დაუდგებიან თავისივე დასაქმებულ ადამიანებს, თუნდაც არ იყო ეს ბოლომდე გამართული ეს დასაქმება და ამ წვდომებს გასცემენ მათზე. აქ უნდა შედგეს თანამშრომლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ლიბერალურად მივუდგეთ ამ საკითხს”,- განაცხადა მინისტრმა.