ნათია თურნავა: სილამაზის სალონებისთვის მკაცრი გაიდლაინები გაიწერება და დარწმუნებული ვარ, რომ მათი დაცვით ისინიც შეძლებენ დროულად ამოქმედებას

“სალონების სისტემა, რომელიც არსებობს საქართველოში, არის მცირე ბიზნესი და ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. აქედან გამომდინარე, მათთვისაც მკაცრი გაიდლაინები გაიწერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაიდლაინების დაცვით ისინიც დროულად ამოქმედებას შეძლებენ”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ “რუსთავის ორის” ეთერში განაცხადა.

მინისტრი კომპანიების დამფუძნებლებს უსაფრთხოდ ფუნქციონირებისკენ მოუწოდებს.

“თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება აუცილებელია, ვგულისხმობ ოფისებს, დახურულ სივრცეებს და როგორც ჩანს, სავალდებულო დარჩება კიდევ გარკვეული პერიოდი. რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობა ჩვენ მოგვეცემა თვითონ ეპიდემიის გავრცელების ეფექტური კონტროლიდან გამომდინარე, რომ დროულად განხორციელდეს შემდეგი ეტაპები. ესეც იყო პრემიერ-მინისტრის პრეზენტაციაში. შემდეგი ეტაპი იქნება 2 კვირაში დაგეგმილი, თუ რაიმე სხვა შემაფერხებელი არ მოხდა და ჩვენ ამას ვაკონტროლებთ ძალიან მკაცრად. ეს იქნება უფრო სამრეწველო დანიშნულების ობიექტები. ამის შემდეგ უკვე შემდგომი ეტაპების პერიოდში იქნება ისეთი ობიექტები, რომლებიც ითვალისწინებენ უფრო მეტ კონტაქტს ადამიანებს შორის და ეს არის საცალო ვაჭრობა, ოღონდაც არა დისტანციური, როგორსაც დღეს ვხსნით, არამედ უშუალოდ მაღაზიაში მისვლით. ბოლოში იქნება შოპინგ მოლები.

საპარიკმახეროები, მესმის, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური, მტკივნეული თემა იმიტომ, რომ სალონების სისტემა, რომელიც არსებობს საქართველოში, არის მცირე ბიზნესი და ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. აქედან გამომდინარე, მათთვისაც მკაცრი გაიდლაინები გაიწერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაიდლაინების დაცვით ისინიც შეძლებენ დროულად ამოქმედებას. ყოველი მომდევნო ეტაპის გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით შეასრულებენ სამედიცინო მოთხოვნებს კომპანიები. გახსნის უფლება ეძლევა არა კონკრეტულ კომპანიებს, არამედ – მთლიან დარგებს. შესაბამისად, იმუშავებს ყველა კომპანია, რომელიც მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, სამედიცინო გაიდლაინებს გაითვალისწინებს.

ისედაც საკმაოდ მძიმედ დააწვა ეს პერიოდი ბიზნესს და ამიტომ ჩემი თხოვნაა კომპანიების მიმართ, მათი დამფუძნებლების მიმართ, მენეჯერების მიმართ, რომ ნუ შევქმნით ამ პრობლემებს და საკუთარ თავსაც მიეცით საშუალება, რომ უსაფრთხოდ გააგრძელოთ ფუნქციონირება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები