პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა განიხილეს

შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე, გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის – პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია.

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებასა და ტაქსების ოპერირებას.

დღეიდან დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა – როგორც საბითუმო, ისე – საცალო. ასევე, დღეიდან სრულად დაშვებულია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და საქმიანობას განაგრძობენ ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც.

ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რომელთა დარღვევა მუშაობის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. თუმცა, დღეს და ხვალ – 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ხოლო რეგისტრაციის – იურიდიულ მისამართზე დაბრუნებას მოქალაქეები ნებისმიერ დღეს შეძლებენ.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სხდომაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სამინისტროები წარადგენენ გეგმის შესაბამისად გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკული განხორციელება – მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის და, ასევე, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორისთვის.

როდის და როგორ მოხდება მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემა, ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიეწოდება.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე – თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი.

აქტიურად გრძელდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობისა და უწყვეტობის კონტროლი და კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში ხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, თითოეულ აგრარულ ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, პროდუქციის შესვლისა და გასვლის სანიტარული ნორმების დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულება, თერმოსკრინინგი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მედიკოსების მიერ ერთობლივად შემუშავებულ გაიდლაინში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო 14 ათასამდე მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 149 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4932 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 568 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები