რა შეზღუდვები მოიხსნება დღეიდან – ავტომობილების გადაადგილება, აგრარული ბაზრები, ონლაინვაჭრობა

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

დღეიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია. შეზღუდვა მოიხსნა ტაქსების ოპერირებაზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

რაც შეეხება დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვას, რომელიც 15 აპრილიდან მოქმედებს, 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

დღეიდან საქართველოში სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო). ასევე, დასაშვებია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.

ოპერირებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც უწყების ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს, ბიზნესოპერატორი იცავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინრეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 260-მდე ობიექტის შემოწმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებსა და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.

ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა დღეს და ხვალ დაშვებული იქნება.

დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგამონაკლისო წესით, 27-28 აპრილს დაშვებული იქნება.

„27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ – მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამასთან, კვლავ გვსურს განვაცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა, მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები