რუსეთში კორონავირუსით თითქმის 900 ჯარისკაცია ინფიცირებული
რუსეთში კორონავირუსით 874 ჯარისკაცი და 779 უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტია ინფიცირებული.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სამხედროების ტესტირება მარტიდან – 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ინფიცირებულთა შორის 314 ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტლებშია მოთავსებული, 175 იზოლირებულია სამხედრო ნაწილებში, 379 სახლის პირობებში იმყოფება, ხოლო 6 მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ოთხი სამხედრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მათგან ერთი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს – ინფიცირებულთა შორის 192 პედაგოგია.
26 აპრილს, წყაროზე დაყრდნობით, რუსული მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განკარგულება გასცა, სამხედრო სასწავლებლებში სასწავლო წელი ვადაზე ადრე დასრულდეს.
გასულ კვირას პეტერბურგში კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ფისუნმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 55 კურსანტს ვირუსი დაუდასტურდა.