მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მყოფი 11 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“დღეს, დილით მონაცემებით, 496 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 149  – გამოჯანმრთელებული. აქედან გამომდინარე, კოვიდ ცენტრებში, დაახლოებით, 337 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში 46 დადასტურებული შემთხვევაა. თითქმის ყოველდღიურად ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება, ამიტომ რამდენიმე ხანია, ვლაპარაკობთ, რომ 45-46 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა შემოდის, გამოჯანმრთელებულები ეწერებიან და ციფრებიც, ძირათადად, ასე მერყეობს, გამოჯანმრთელებული ჩვენ უკვე 57 პაციენტი გვყავს.

დილით 6 პაციენტზე მონიტორინგის თვალსაზრისით ტარდება ტესტირება, რომელთანაც პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ ვირუსზე. ვნახოთ, განმეორებით ტესტირებაზე რამდენ პაციენტზე ექნება პასუხი უარყოფითი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პაციენტები გავწეროთ.

ჩვენთან ერთი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. 2-3 დღეში, დაახლოებით, 4 პაციენტი შემოვიდა, ძირითადად – ბოლნისისა და მარნეულის წყაროა. მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მონიტორინგის მიხედვით, რამდენიმე დღეში პისიარ მეთოდით ტესტირებას ჩავატარებთ და, აქედან გამომდინარე, ალბათ, ისინიც დატოვებენ კლინიკას შემოსვლის დღეების შესაბამისად.

17 პაციენტი მძიმე პნევმონიით იყო, ორი კრიტიკული გახლდათ. დანარჩენი იყო მძიმე პნევმონია, ამ ეტაპზე ის ორი კრიტიკულიც განიხილება, როგორც მძიმე პნევმონია. დინამიკაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამ პაციენტებთანაც დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობასა და მართვას ექვემდებარებოდა და დინამიკურად დაიწყება მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები