სპეციალური ავიარეისით მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი, სამშობლოში დაბრუნდებიან

სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში 28 აპრილს გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი, სამშობლოში დაბრუნდებიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისს – თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს, რომლითაც 22 ქართველი მეზღვაური, მათ შორის 1 კადეტი, კოპენჰაგენში გაემგზავრება. მეზღვაურები გამგზავრებამდე ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
სპეციალური რეისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია Elvictor Crew Management Service-ის ორგანიზებით დაინიშნა.  “ელვიქტორ ქრიუ მენეჯმენთ სერვისი” წარმოადგენს ქართველი მეზღვაურების, მათ შორის კადეტების, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს.
ამავე ავიარეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანია Elvictor Crew Management Service-ის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმწიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. “საკვანძო პროფესიად” და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა. მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში მეზღვაურთა მოქმედი სერტიფიკატების ვადის გაგრძელებას უკავშირდება; ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამო ტრეინინგ კურსების შეზღუდვა, არ იმოქმედებს მეზღვაურთა სამუშაო დიპლომების გაცემაზე და ისინი ყველა საჭირო საბუთს ტრენინგ კურსზე მარტივად – დარეგისტრირების შედეგად შეძლებენ, დისტანციური სწავლების ფარგლებში კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აგრძელებს მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით რიგი  ღონისძიებების გატარებას. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და გემთმფლობელთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, მომავალში კვლავ შესრულდება სპეციალური რეისები მეზღვაურების სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები