ანდრია გვიდიანი: იმდენად მოცულობითი სტრატეგია დაიდო, რომ დარწმუნებული ვარ, ეკონომიკაც ისეთივე წარმატებით ამოიქაჩება, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა შევძელით

ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

„ვუსმინე პრემიერის მიერ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას. გულწრფელად ვიტყვი, წარმოდგენილი სტრატეგია იმდენად მრავალმხრივი იყო, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არცერთი სეგმენტი  დარჩენილა ყურადღების მიღმა. გაზრდილი სოციალური პაკეტები, ეკონომიკის დარგობრივი სტიმულირება, სოფლის მეურნეობის გაზრდილი მხარდაჭერა, მეწარმეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ კრიზისულ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა ეკონომიკურმა სუბიექტმა თუ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც მთავრობამ უდავოდ შეძლო.
გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ორი მთავარი ამოცანა აქვს ამოსახსნელი – ეპიდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის გადარჩენა. ჩვენ, ყველამ კარგად ვნახეთ, სწორი მენეჯმენტის პირობებში თუ რა გასაოცარი შედეგები დადო ხელისუფლებამ ეპიდ-ვითარების მართვის თვალსაზრისით – აქ ნამდვილად სატრაბახოდ გვაქვს საქმე და მსოფლიოს მასშტაბით სამაგალითო ქვეყანა ვართ.
რაც შეეხება ეკონომიკას – იმდენად მოცულობითი სტრატეგია დაიდო, რომ დარწმუნებული ვარ, ეკონომიკაც ისეთივე წარმატებით ამოიქაჩება, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა შევძელით.
ერთი მხრივ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, იზრდება სოციალური თუ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამის ხარჯვითი ნაწილი. ამ პირობებში მთავრობამ, ვფიქრობ, ბეწვის ხიდზე გაიარა და საგარეო დაფინანსების მოპოვების თუ შიდა რესურსების მაქსიმალურად ათვისების გზით, ოქროს შუალედი იპოვა.
აქვე აუცილებლად მინდა, ხაზი გავუსვა მართვისა და მენეჯმენტის ეფექტურობას. ყველა დამეთანხმებით, რომ ასეთ რთულ პირობებში ეფექტიან კრიზისულ მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ, ხელისუფლების ყველა შტომ მაქსიმუმი გააკეთა და ეფექტურობის უდავოდ უმაღლესი სტანდარტი შემოგვთავაზა.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, ამ პროცესის პოლიტიკურ მხარე. მიუხედავად დესტრუქციული ძალების უსაფუძვლო და ზედაპირული კრიტიკისა, საქართველოს თითოეული მოქალაქე ხედავს ,როგორ მუშაობს მთავრობა და რამდენად ეფექტიანია კრიზისთან გამკლავების პროცესში.
მოკლედ, მიუხედავად თითოეული მოქალაქის შეხედულებებისა, მიუხედავად სიმპათია-ანტიპათიებისა, ხელისუფლება მართლაც შექებას იმსახურებს. წინ დიდი ბრძოლები და უამრავი გამოწვევაა და მინდა, ხელისუფლებას წარმატება ვუსურვო მომავალ ბრძოლებში“, – წერს გვიდიანი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები