საქართველოს მთავრობასა და საქართველოს “წითელ ჯვარს” შორის თანამშრომლობა გრძელდება
COVID-19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირებისათვის, საქართველოს “წითელმა ჯვარმა” დღეს 1.5 ტონა სამედიცინო და საველე აღჭურვილობა მიიღო თურქეთიდან, თურქეთის ნახევრმთვარის საზოგადოების მხარდაჭერით. მთავრობის ადმინისტრაციის, უწყებათაშორისი საბჭოსა და მასთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბის დახმარებით, ტვირთმა უმოკლეს დროში და შეფერხების გარეშე გაიარა საბაჟო პროცედურები.
ტვირთს საქართველოში დახვდნენ საქართველოს “წითელი ჯვრის” წარმომადგენლები, თურქეთის ელჩი საქართველოში – ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი – ნათია ლოლაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ლელა აქიაშვილი.
„COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველოს “წითელი ჯვარი” აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ყოველდღიურ რეჟიმში, “წითელი ჯვრის” მოხალისეები თბილისის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებსა და მოხალისეებთან ერთად, უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანესი უფლებების, კერძოდ კი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას. დღევანდელი შედეგიც, მათი თავჩაუხრელი შრომის და ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია”, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა, პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის ნახევრ მთვარის ორგანიზაციიდან. პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა გადაეცემათ ჩვენს მოხალისეებს, რათა მათ გააგრძელონ ის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ახორციელებს საქართველოს “წითელი ჯვრის” საზოგადოება რეგიონებსა და თბილისში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას, მათ როგორც კი გაიგეს, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შემოდიოდა საქართველოში პირველივე დღიდან გვერდში გვედგნენ და დაგვეხმარნენ, რომ ტვირთის შემოსვლა ერთ დღეში მომხდარიყო,“ – განაცხადა ნათია ლოლაძემ, საქართველოს “წითელი ჯვრის საზოგადოების” პრეზიდენტმა.
საქართველოს “წითელი ჯვრის” 14,000-ზე მეტი მოხალისე თბილისის მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს COVID-19-ის კრიზისის დაწყებისთანავე ეხმარება. ორგანიზაციას აქვს 39 ფილიალი ქვეყნის მასშტაბით და ოცზე მეტი მიმდინარე სოციალური პროექტი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. საქართველოს მთავრობა აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს “წითელ ჯვართან”.