როგორ უნდა მოიქცნენ თვითდასაქმებულები იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება მიიღონ – პრემიერის განმარტება

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე შემოსავლის გარეშე ბევრი თვითდასაქმებული ადამიანიც დარჩა. პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მათ იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

როგორ უნდა მოიქცნენ ძიძები, ხელოსნები, სხვადასხვა სფეროში თვითდასაქმებულები იმისთვის, რომ ფულადი დახმარება მიიღონ? როგორ უნდა დაამტკიცონ მათ, რომ შემოსავალი ჰქონდათ და კრიზისის გამო დაკარგეს? – როგორც პრემიერი განმარტავს, მათ სოციალური დახმარების სააგენტოს უნდა მიმართონ და თუ უმარტივესი გზით შეძლებენ, დაადასტურონ, რომ რაიმე სახის შემოსავალი ჰქონდათ, დახმარებას მიიღებენ. გიორგი გახარიას განმარტებით, ასეთი დადასტურება შეიძლება იყოს წერილი იმ ორგანიზაციიდან, სადაც ადამიანი მუშაობდა. ასევე რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს , რომ ამ ადამიანებს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდათ.

„თვითდასაქმებულების, არაფორმალურად დასაქმებულების აღრიცხვიანობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამხელა ხელფასს იღებს, გადასახადებს უნდა იხდიდეს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარებაში ვიმყოფებით. ახლა ვართ, ფაქტობრვად ომში, ამიტომ ჩვენ ამ პრინციპით ადამიანებს არ გავარჩევთ. თუმცა, არ იქნება მარტივი. ამიტომ , სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული, უმარტივესი გზით როგორც კი შეძლებს დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი, ეს შეიძლება იყო მაგალითად, დამლაგებლისთვის იმ ორგანიზაციიდან წერილი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც ის შრომობდა, მძღოლისთვისაც მსგავსი რამ; ასევე, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენატრულად, რომ ამ ადამიანებს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ესეც საკმარისი იქნება, რომ სოციალური დახმარება გავცეთ.

რადგან გვესმის, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა და ქვეყანაში სოციალურად მძიმე ფონი შეიქმნა არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისითვისაც, ამიტომ ასეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარის იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და დახმარება გასცეს,“ – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, თვითდასაქმებული, ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„არის ასევე ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულებად. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის უკიდურეად რთულია მათი იდენტიფიცირება, რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზაში. მაგრამ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით, მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუეჯტი 75 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები