“კოვიდ19-ის რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად”
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რას ნიშნავს სიტყვები – “უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება”.
მისივე თქმით, ვირუსის უახლოეს დროში სრულად გაქრობის მოლოდინი ნაკლებია.
„ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იქნას გაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს. შესაძლოა, ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია: ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არის ათასობით ახალი ავადმყოფი, ასეულობით და ათასობით გარდაცვლილი. საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად. ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად.
უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, რათა ამ შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა სიხშირე და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი. ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში სულ გაქრება ეს ინფექცია და საქართველოში აღარც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიური ინფიცირებული პირების რაოდენობა და ავადმყოფების რაოდენობა იყოს რაღაც დაბალ ნიშნულზე, როგორც ეს არის რომელიმე სხვა ინფექციის დროს.
რა ფილტვების ანთება არ ემართებათ საქართველოში ადამიანებს? მაგრამ ის არ არის მასიური, ეს არ არის ასეულები და ათასეულები. აი, ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც. ამ დაავადების, კოვიდ19-ის რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება, აი ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად”, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.