დავით ჩიხელიძე: ცოტა კიდევ მოვითმინოთ და შედეგი უფრო შთამბეჭდავი გავხადოთ
„საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები covid-19-ის წინააღმდეგ არის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, რაც ჩვენს ქვეყანას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მაგალითად აქცევს”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე საუბრობს და ამის დასადასტურებლად ციტატები მოჰყავს უცხოური მედიიდან.
Washington Times: ჯანდაცვის ფრონტზე საქართველომ მართლაც მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე – ბევრმა სხვა სახელმწიფომ.
The guardian: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სწრაფი რეაგირება გახდა.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელი: საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად.
ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე: საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო მაგალითი აჩვენა.
მისი თქმით, ეს საერთაშორისო გამოხმაურების მცირე ჩამონათვალია.
„ეს საერთაშორისო გამოხმაურების მცირე ჩამონათვალია, რაც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო პანდემიის წინააღმდეგ 24-საათიან, გეგმაზომიერ ბრძოლას ახორციელებს, რომლის შედეგიც ინფიცირებულთა მცირე მოცულობაა.
მესმის, რომ შეზღუდვები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია, მაგრამ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს, ეს არის ბრძოლა, რომელში გამარჯვებაც თითოეული ჩვენგანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ დროა, გავითავისოთ ჩვენი როლი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
დღეს სახელმწიფოს, ჩვენი (საზოგადოების) ჩართულობის გათვალისწინებით აქვს შედეგი, რომელიც მსოფლიოსთვის საოცნებოა, ცოტა კიდევ მოვითმინოთ და შედეგი, რომლის უკან სახელმწიფოს ტიტანური შრომა დგას, უფრო შთამბეჭდავი გავხადოთ!”, – აცხადებს ჩიხელიძე.