ფერმერები მთავრობას მიმართავენ

საქართველოს ფერმერები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას და ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს ერთობლივ წერილს უგზავნიან, რომელშიც საგაზაფხულო აგრო სამუშაოების შესრულების პროცესში დაწესებული შეზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და მათ რეკომენდაციას აძელევენ.

ფერმერთა გაერთიანებულ მიმართვას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„კარგად გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, რომელიც ნომერ პირველი პრიორიტეტია ყველა ჩვენთაგანისათვის. ასევე, ვაფასებთ იმ ძალისხმევას რაც საქართველოს მთავრობამ გასწია, რათა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი გვქონოდა ქვეყანაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის გაჩერებამ შეიძლება მიგვიყვანოს მეორე საფრთხის წინაშე – რასაც სურსათის დეფიციტი და სიღარიბის ზრდა ჰქვია.

მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას გააჩნია გარკვეული ვადები, მათ შორის კი საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რათა ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის აგრარული კულტურების წარმოება მოხდეს. ეს პერიოდი ეხლა დგას, და 2-3 კვირაში დასრულდება. ამიტომ, ფერმერებისათვის თითოეულ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ, 21 აპრილს გამოაცხადა, რომ ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა გახანგრძლივდა 27 აპრილის ჩათვლით. 22 აპრილს კი გამოცხადდა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ. კონკრეტულად კი ფერმერებს საშუალება აქვთ გადაადგილდნენ 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

მოხარულები ვართ ფერმერებისთვის ასეთი გამონაკლისის დაშვებით, თუმცა ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რას საჭიროებს დროულ რეაგირებას. მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგრო-საშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ:

• ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.

• ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.

• შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.

ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

1) ფერმერებისათვის სპეციალური ეფექტური ცხელი ხაზის შეთავაზებით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას (ყოველგვარი რამდენიმედღიანი ლოდინის გარეშე). ეს შეიძლება მიბმული იყოს სოფლის რწმუნებულებზე (ქალაქში ქალაქის მერის თანამშრომლებზე, რათა სრულად დაიფაროს რეგიონებში არსებული ყველა დასახლება), რომლებიც ელექტრონულ საშვთა ბაზას აწარმოებენ და ერთიან ბაზაში გადაუგზავნიან საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს ავტომანქანისა და მისი მგზავრების შესახებ ინფორმაციას.

• ასევე, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული წესით მოხდეს მათზე საშვების გაცემა.

2) ავტომანქანით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს დილითაც და საღამოთიც, ისე რომ ეს ემთხეოდეს აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მუშაობის საათებს გარკვეული დროით მაინც, რათა ფერმერებმა არა მარტო საკუთარ ფერმამდე/მიწამდე მისვლა შეძლონ, არამედ ქონდეთ საშუალება რომ რეალურად აწარმოონ აგრო-სამუშაოები.

სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისათვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა.
23 აპრილი, 2020 წ.

პატივისცემით,
1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე
2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი
3. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი – კახა კონიაშვილი
4. საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის დირექტორი – ბელა სონღულაშვილი
5. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე – რუსუდან გიგაშვილი
6. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირაკლი არჯევანიძე
7. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – თენგიზ სვანიძე
8. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ – ალეკო ბაღდაძე
9. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირინე ფხოველიშვილი
10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლევან სილაგავა
11. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ხარხელაური“, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები