ლევან დავითაშვილი: კონკრეტული კორიდორი, რომელიც ფერმერებისთვის დაწესდა, იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხების გარეშე ჩაატარონ
“გვესმის უხერხულობები, რომლებიც ფერმერებს მობილობასთან დაკავშირებით გააჩნიათ, მაგრამ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა, რათა ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც შეზღუდვების დაწესების გარეშე გარდაუვალი იყო”, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით ავტომობილებით გადაადგილების დროსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, კონკრეტული კორიდორი, რომელიც ფერმერებისთვის დაწესდა, იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხების გარეშე ჩაატარონ.
“მთავრობის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შედეგად საქართველოში არის კორონავირუსით გამოწვეული მინიმალური ფატალური შემთხვევები და ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულების ძალიან მცირე რაოდენობა. ეს ყველაფერი მიღწეულია ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების დაუღალავი შრომით, მაგრამ ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და საკოორდინაციო ჯგუფმა მიიღო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. არაერთხელ განგვიცხადებია, თითოეული ეს შეზღუდვა გულისხმობს დამატებით დისკომფორტს ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო, თუ სამეურნეო საქმიანობას ამა თუ იმ სუბიექტების. ასევე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა და შეზღუდვის გაგრძელებამ, ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, გვესმის, მათ შორის უხერხულობები, რომლებიც ფერმერებს გააჩნიათ იგივე მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა, რათა ჩვენ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო ასეთი შეზღუდვების დაწესების გარეშე.
უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გვიწევს გარკვეული კომპრომისი ეკონომიკასთან მიმართებაში. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ შედეგებს მივაღწიეთ მხოლოდ საზოგადოების სოლიდარობით. სოლიდარობა არის აუცილებელი პირობა, რომ გვქონდეს წარმატება. ამ შემთხვევაში ფერმერებიც, რომლებიც განსაკუთრებით ღირებული კატეგორიაა, ჩემთვის პირადად, რომლებიც არიან ჩემი სფეროს წარმომადგენლები, კოლეგები, მეგობრებიც, მეც დიდი ხანია, ამ სფერო წარმოვადგენ, რა თქმა უნდა, იქნებიან სოლიდარული დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებენ, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული პერიოდი მათ ცხოვრებაში. ბევრი სირთულე შეიძლება, იყოს მათ საქმიანობაშიც, მაგრამ გამოსავალი არის თანამშრომლობაში და მეტ კომუნიკაციაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, რაც ფერმერებისთვის მივიღეთ, ესეც აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იყო. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ მობილობის მეტი შეზღუდვა მეტ შედეგებს გვაძლევს. კონკრეტული კორიდორი, რომელიც ფერმერებისთვის დაწესდა, იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარონ და შეფერხების გარეშე. თუმცა გარკვეული სირთულეები ემატება მათ საქმიანობას, მაგრამ მუნიციპალიტეტების დონეზე, ყოველდღიურად შეუძლიათ, ჰქონდეთ კომუნიკაცია და მუნიციპალიტეტები მისცემენ საშვებს, დამატებით უფლებას მცირე მაღაზიების ოპერირების შემთხვევაში, ასევე დამატებით ინფორმაციას კითხვებზე, რომელიც შეიძლება, ჰქონდეთ გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გაცხადდა გუშინ, ყველა ფერმერისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩვენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნით დღის განმავლობაში ყველა ფერმერს, რათა კიდევ ყველასთან მივიდეს ინფორმაცია, რომ დილის და საღამოს კონკრეტულ საათებში მათი გადაადგილება არის დაშვებული, თუ საავტომობილო გადაადგილებას ვგულისხმობთ. ფეხით გადაადგილება კი, ახლომდებარე საკარმიდამო, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში შეზღუდული არ არის. თითოეული გადაწყვეტილება არის რთული, მაგრამ ძალიან დიდი საჭიროებიდან გამომდინარე. ეს ხდება მყისიერად, ხანდახან ძალიან სწრაფად და თითოეული ასეთი გადაწყვეტილება იწვევს გარკვეულ შეფერხებებსაც, მათ შორის კომუნიკაციაში. ჩვენ დავინახეთ, რომ იყო იგივე ცხელ ხაზზე ძალიან დიდი მომართვიანობა, რამდენიმე ასეული ათასი ზარი და ამასთან გამკლავებაც ძალიან დიდ რესურსებს საჭიროებს. თუმცა ერთ-ორ დღეში, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებიდან, სიტუაცია სტაბილიზდება. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ასეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მთავრობა უკიდურესი აუცილებლობის გამო იღებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.