შსს: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ღვანკითის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაეხმარება”, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები