მაია ცქიტიშვილი: ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე გადადგმული ნაბიჯი უკიდურესი აუცილებლობითაა ნაკარნახევი, რათა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების შენელება შეძლოს.

მისი განცხადებით, დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება ჰქონდეთ.

„ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისთვის, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას. ამ დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, გადავწყვიტეთ, რომ სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს მივცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება. ამასთან, საკოორდინაციო ადგილობრივი შტაბები უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში მარაგების კონტროლს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი დახმარების გაწევას, თუნდაც იმ სოციალური სასურსათო პაკეტების სახით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 100 ათასამდე მოქალაქეს გადაეცა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა ყველა გამოწვევაზე ოპერატიულად რეაგირებს.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, სოციალურ-ეკონომიკური გეგმა კი არის მთავრობის პასუხისმგებლობის სფერო, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და რაც ნაწილობრივად უკვე შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს. ამ მიმართულებით ოპოზიციის მოწოდება არ გვჭირდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კომუნალური გადასახადების ნაწილში დაწესებული შეღავათებით, 1 200 000 ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ისევე როგორც 670 000 ოჯახმა ისარგებლა ბუნებრივი აირის გადასახადის ნაწილში. ამას გარდა, შეღავათები შეეხო ჩვენს მცირე ბიზნესს და ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მეორე ეტაპს კი შევთავაზებთ კვირის ბოლომდე. თუ ზედმიწევნით შევასრულებთ შეზღუდვებს და გავითვალისწინებთ მედიკოსების რეკომენდაციებს, შევძლებთ მალე გავხსნათ ეკონომიკა და ამით მნიშვნელოვნად შევამციროთ ზიანი”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები