მაია ცქიტიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გამოწვეული და დამოკიდებულია იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს
“ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენ ბრძოლის ორ ფრონტზე ვართ, ერთი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე – ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე, ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას სოციალური დისტანცირება წარმოადგენს.
“ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენ ბრძოლის ორ ფრონტზე ვართ, ერთი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე, ქვეყნის მომავალსა და მის განვითარებაზე. მაგრამ,ლ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკარანტინო ზომებზე, საგანგებო ვითარებაზე, ეს არის, პირველ ყოვლისა, პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ჯანდაცვიდან გამომდინარე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს. კარანტინის შემოღება, სოციალური დისტანცირება არის, სამწუხაროდ, არა თუ ერთ-ერთი საშუალება, არამედ ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არ არსებობს ვაქცინა, წამალი კოვიდთან ბრძოლის, სოციალური დისტანცირება რჩება ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ შემოგვეღო შეზღუდვები და გუშინ გავხდით იძულებული, რომ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადა გაგვეხანგრძლივებინა. მინდა ავხსნა რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. არ უნდა იყოს ეს ისე აღქმული, რომ 22 მაისის ჩათვლით, გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც არის დაწესებული დღეს. საგანგებო მდგომარეობა არის სამართლებრივი სტატუსი, ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს სტრუქტურებს აძლევს შესაძლებლობას, თუნდა გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, ან მოხსნას. შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, როგორც კი ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს. საგანგებო ვითარების გაგრძელება არის გამოწვეული და დამოკიდებული იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა იმისთვის, რომ ჩვენ მალე გამოვიდეთ საგანგებო ვითარებიდან, მალე გამოვიდეთ შეზღუდვებიდან და ავამოქმედო ჩვენი ეკონომიკა სრულად,” -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.