არქიმანდრიტი საბა ჟღენტი: დაჭრილი არ ვარ, საიდან ამოიღეს იარაღი, არ ვიცი

არქიმანდრიტი საბა ჟღენტი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს ყინწვისის მონასტერში ინციდენტი მოხდა და ის დაჭრეს, სიცრუეა.

„გულნატკენი ვარ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ მშობლები, ახლობლები, მეგობრები გვყავს და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს. ძალიან ძნელია ამის ატანა.
მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ – დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს.

მე მინდა, გითხრათ, რომ შსს-მ საიდან ამოიღო ის იარაღი, მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი. შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეს ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, ვიქნებოდი შს მინისტრი და მეცოდინებოდა, რომელი იარაღი საიდან ამოიღეს. მე ვარ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, საბა ჟღენტი, არქიმანდრიტი.

მე უარვყოფ იმას, რომ აქ, საბას კოშკში, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში რაიმე ოპერაცია ჩატარდა და იარაღი ამოიღეს. მამა დავითთან ყინწვისის მონასტერში რა მოხდა და რა გააკეთეს – ეს მე არ ვიცი. მამა დავითს უნდა ჰკითხოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია”, – განაცხადა არქიმანდრიტმა საბა ჟღენტმა TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ვნების კვირას მომხდარი დაპირისპირება ყინწვისის მამათა მონასტერში, სავარაუდოდ, ერთერთი სასულიერო პირის დაჭრით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, სავარაუდოდ, ამავე ეპარქიაში შემავალ ერთერთი ტაძრის მღვდელმსახურს, მამა საბას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციას “რეგიონულ კვირას” რუისის – უბრნისის ეპარქიაში არ უდასტურებენ.

„არაფერი მოხდა. მოგონილია. მამა საბა ჯანმრთელია და კარგად არის. ადგილი არც დაჭრას ჰქონია და არც – იარაღის გამოყენებას. ეს ყველაფერი არის მოგონილი და წმინდაწყლის ტყუილი”, – განაცხადა მამა გაბრიელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, საქმის გამოძიება სსკ 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები