პროკურატურის თანამშრომლებისთვის, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის მე-4 დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო.

დისტანციური სწავლების კურსი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ევროპის საბჭოს პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზნით ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის განმტკიცება საქართველოში“ მენეჯერმა თეა მაჩაიძემ გახსნეს.

უწყების ცნობით, სასწავლო პროგრამის სამთვიან კურსს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია გაუძღვება და სწავლებას 20 სპეციალიზებული პროკურორი გაივლის. ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის გამოყენებით პროკურატურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე 2016 წლიდან ხორციელდება და დღემდე სწავლება წარმატებით 102-მა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა.

ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომლებისთვის სწავლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები