თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში გარკვევით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში გარკვევით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს.

მისი თქმით, პლაქვენილი მხოლოდ საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებთან ინიშნება.

„პირიქითაა ყველაფერი, გამუქებული შრიფტით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს და ის უნდა დაენიშნოს მხოლოდ საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებს, რომ ის საპროფილაქტიკოდ კატეგორიულად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან პრეპარატს ეს დანიშნულება არ აქვს.

ზოგიერთი ამერიკელი ავტორი მას საპროფილაქტიკოდაც იყენებს, თუმცა ეს არ არის დასაბუთებული და ჩვენ ამიტომ არ ვიყენებთ.

რაც შეეხება იმას, რომ მომავალში შეიძლება დაიდოს კვლევები, რომ პლაქვენილი არც ისე კარგია, ჩვენ ამის შესახებ ვიცით. გურულზე უკეთესად ვიცით და ვადევნებთ თვალყურს. ასე ყველა მედიკამენტზე იდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, რომ ის რაღაცაში კარგია, რაღაცაში არა. ჩვენ ინდივიდუალური მიდგომით ვწყვეტთ თითოეული ავადმყოფის ბედს. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მკურნალობის პოლიტიკაზე მთელ რესპუბლიკაში. მე ბატონ გურულს მივწერე, რომ თუ ეს ასეა, რატომ არის საქართველოში მხოლოდ ერთი ავადმყოფი მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილი და ამერიკაში დაახლოებით 150? შეუდარებლად მეტი ავადმყოფია ერთ მილიონ მოსახლეზე.

ჩვენთან გარდაიცვალნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც იყვნენ 72 წლიდან 86 წლამდე, თანმხლები დაავადებებით. ამერიკაში 40-დან 64 წლამდე ასაკისაა გარდაცვლილთა 20 პროცენტი. იქ ახალგზრდები იხოცებიან. საერთოდ, შედარებაც კი არ შეიძლება საქართველოში მკურნალობის შედეგებისა და იმისა, თუ როგორ არის მოვლილი თითოეული პაციენტი, არც ევროპის და არც ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან.

ვუპასუხებ ზოგიერთი ჩასაფრებული ადამიანის მოსალოდნელ რეპლიკას, თითქოს ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკაზე ძლიერები ვართ. არა, რა თქმა უნდა. ამერიკა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია ეკონომიკურად, ბევრად ძლიერი მედიცინა აქვს, მაგრამ ცალსახად ვამბობ, რომ კოვიდის მენეჯმენტი ზოგადად და კონკრეტულად კლინიკური მენეჯმენტი, ჩვენთან უკეთესია ვიდრე აშშ-ში. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.

ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის კოვიდ19-ის მართვაში. ასევე ჩვენი მთავრობა მადლობებს იღებს ჯანმოს ხელმძღვანელობისგან, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის მთავრობებისგან. პროფესორმა ფაუჩიმ, რომელიც ძალიან ხშირად ეპაექრება ყველას და მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, წერილი გამოგზავნა ჩვენთან 14 აპრილს, ჩვენ მასთან 20-წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს. წერილში ის წერს, რომ მიესალმება საქართველოს უკიდურესად წარმატებულ საქმიანობას კოვიდში.

შემდეგ იყო ექიმი გურულის პასუხის ჩემს წერილზე, რომელიც სჯობდა, არ დაეწერა. ერთი მყარი არგუმენტიც კი არ არის ამ პასუხში, მხოლოდ უსუსურზე უსუსური არგუმენტი. მან ვერ დაუპირისპირა ვერცერთი არგუმენტი ჩემს არგუმენტებს. მხოლოდ აღნიშნა, თითქოს მას ვიღაცებმა შესჩივლეს, რომ არ სჭირდებოდათ პლაქვენილი, უსიმპტომოები იყვნენ და მაინც დაუნიშნეს, ეს არის ტყუილი. ერთ ასეთ ავადმყოფსაც ვერ დაასახელებს, თითქოს გამოექომაგა უსიმპტომო ავადმყოფებს, მაგრამ ამის მეტი ვერაფერი დაწერა.

მისი ეს წერილი ემსახურებოდა ერთ რაღაცას, ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ეს იმ კატეგორიას მიეკუთნება,რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა და თუ სხვა ააშენებს ამ ქვეყანას არ უნდა, ჩვენ შორს ვართ ქვეყნის კარგად აშენებისგან, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში ნამდვილად აშენებს, მას კი ეს არ სურს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები