ლადო კახაძე: დარჩით სახლში – როდესაც ვამბობთ, ეს ნიშნავს, არ მივცეთ ვირუსს საზრდო, რომ მერე ჩვენ არ გავხდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვისი დაავადების წყარო
“დარჩით სახლში – როდესაც ვამბობთ, ეს ნიშნავს, არ მივცეთ ვირუსს საზრდო, რომ მერე ჩვენ არ გავხდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვისი დაავადების წყარო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ექიმმა, ლადო კახაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ლადო კახაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესები დაიცვან.
„ვირუსის პიკი ჯერ გადავლილი არ არის. მე, როგორც ექიმი, გეტყვით, როდის არის მინავლების გზა: ბოლო პაციენტი რომ შედის და მას მერე 28 დღე გადის. მინიმალური 14 დღეა, მაგრამ ამ ვირუსმა თავისი გამოუცნობადობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იმ თამაშის წესებით არ თამაშობს, როგორც – მისი მსგავსი ვირუსები. ვირუსი მხოლოდ ჩვენს ორგანიზმში მრავლდება, ეს დავიმხსოვროთ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ის სუბსტრატი, სადაც ის თავს ლაღად გრძნობს, თავის ჭკუაზე გვატარებს, მრავლდება.
დღეს გავიგე, 198 დარღვევა იყო ამ რეჟიმისო – გული მტკივა ასეთ დროს იმიტომ, რომ თითოეული ის ადამიანი, რომელმაც ეს გულთან არ მიიტანა, ჰაიჰარად მოეკიდა, ჩვენ ყველას, ირგვლივ მყოფებს, თავის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებს. ყოველთვის ვამბობ, ადამიანო, ჩემო ძვირფასო, წარმოიდგინე, რომ მთელის ნაწილი ხარ და შენ მიერ უდიერად მოპყრობა იმ მთელს აზიანებს.
დარჩით სახლში – რომ ვამბობთ, ეს ნიშნავს, არ მივცეთ ვირუსს საზრდო, მერე ჩვენ არ გავხდეთ ნებსით თუ უნებლიეთ სხვისი დაავადების წყარო.
ფიზიკური დისტანცირება, სახლში დარჩენის პრინციპი, მოფრთხილება – ეს ისეთი ღონისძიებებია, რომლებშიც ძალიან აქტიურადაა ჩართული ხელისუფალი როგორც საგანმანათლებლო, ისე – პროფესიულ ნაწილში. ქვეყანა ერთად გადარჩება თავის ოპოზიციასთან ერთად, ოპოზიციის ის წევრებიც ჩვენი მოსავლელი, საპატრონოა. ჩვენ, ხელისუფალს გვაქვს ჩვენი გეგმა, სტრატეგია, რომელცი კარგადაა შეფასებული მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა კახაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე