მედია: კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ოპერაცია გადაიტანა. მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება.
მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუის – კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ ესწრებოდა, რამაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. ოთხი დღით ადრე ის მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა.
CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ კიმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთება ყურადღებას მოითხოვს, თუმცა შეუძლებელია მისი სირთულის შეფასება.
სამხრეთ კორეული გამოცემის, Daily NK-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა, სავარაუდოდ, 12 აპრილს სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პროცედურა ჩაიტარა, რომელიც “გადამეტებულ მოწევას, სიმსუქნესა და გადაღლილობას” უკავშირდება. გამოცემის ინფორმაციით, კიმი რეაბილიტაციას ხიანსანის რაიონში მდებარე ვილაში გადის.
ამასთან, აღინიშნება, რომ მას შემდეგ, რაც ფხენიანის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, სამედიცინო ჯგუფის დიდი ნაწილი 19 აპრილს ფხენიანში დაბრუნდა, თუმცა მეორე ჯგუფი დარჩა.