ამირან სალუქვაძე: გაამკაცრეთ ზომები და ვინც ჩემზე მეტად თავხედია და 1,2 ან 3 კილომეტრის ფეხით გავლა არ შეუძლია, ასწავლეთ კანონის პატივისცემა

ექსპერტი ამირან სალუქვაძე რამდენიმე მნიშვნელოვან თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაწვა კრიმინალია. ასევე, აღნიშნავს, რომ კარანტინის დროს, როცა ხალხს მატერიალურად უჭირს, თითის გაშვერა, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრის ქვეშ, დაახლოებით, 800 მილიონია ჩამარხული, კრიმინალისკენ მოწოდებაა.

“რამდენი აბდლობა ხდება, ეტყობა, ძალიან ადრე დგებიან. აბა, როგორ ასწრებენ?!

ყველაფერს რომ გამოეხმაურო, მაგათზე ადრე უნდა ადგე.

რამდენიმეს მაინც ვუპასუხებ:

ცეცხლის მოკიდება ნებისმიერ შენობაზე ვანდალიზმი კი არა, დანაშაულია და უნდა დაისაჯოს. ვანდალიზმია რუსთაველზე საღებავებით დაჯღაბნილი ისტორიული შენობები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

პრეტენზია შეიძლება არსებობდეს სააკაშვილთან, სხვადასხვა მიზეზის გამო. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, ანუ უძრავ ქონებას, შეიძლება არსებობდეს კითხვა, რამდენად კანონიერად აშენდა და ვის საკუთრებაშია? ამ კითხვაში შედის თანხების წარმომავლობა. თუ ამ კითხვებზე პასუხები კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შენობა ხელშეუხებელია, ვისიც არ უნდა იყოს.

შესაბამისად, შენობის დაწვა ჩვეულებრივი კრიმინალია.

ამავე დროს, კარანტინის დროს, როცა ხალხს მატერიალურად უჭირს, თითის გაშვერა, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრის ქვეშ დაახლოებით 800 მილიონია ჩამარხული, კრიმინალისკენ მოწოდებაა. ეს ისე… ერთი მეორეს არ ამართლებს, მაგრამ თავადაც უნდა იყო სიმაღლეზე, მით უმეტს ექს- პრეზიდენტი. რუსულ ენაზე რატომ დაწერა პოსტი, გაუგებარია.

ასევე არაკეთილსინდისიერი იყო მე ყვარლის “ბელეტაჟს” დავთმობ და ივანიშვილმა პარაგრაფი დაუთმოს დაინფიცირებულებსო.

უნდა დავდო სასტუმრო პარაგრაფის ვიდეო, წარმოდგენა რომ ჰქონდეს ხალხს, ვისაც არ უნახავს, რაზეა საუბარი.

მოკლედ, როცა ასეთი აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, “მეფეები” არ უნდა გვიკვირდეს. გადახედეთ ფბ-ს, რა დღეშია საზოგადოება.

ამ დანაშაულს კი ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. პრეტენზიები, კანონის ფარგლებში, უნდა გამოვხატოთ მფლობელთა მიმართ. სახლების და სხვა ქონების გადაწვით ცუდ შედეგს მივიღებთ.

ზოგი ჯგუფურად ქეიფობს, ზოგი კანონს არღვევს და მანქანით დასეირნობს. ძალიან ბევრი მანქანა დადის. ვიღაც ვიდეოებს ავრცელებს, კითხვები ისმება, შესაბამისმა სტრუქტურებმა პასუხები უნდა გასცენ, ვის აქვს საშვები, ვის არა.

იშტოიანს ვიცნობ, კოსმონავტები მინახავს, საშვი არ მაქვს და არც თხოვნა მიფიქრია. ჰოდა, ყველა სახლში დაჯდეს. 10 მლნ ლარის ჯარიმაა “საკომენდატო საათის” დარღვევის გამო. მაინტერესებს რამდენი ავტომანქანაა დაკავებული. იმ დღეს ძლივს შემოვასწარი 12 საათზე სახლში. შვილებთან ერთად ვერ შევხვდი აღდგომას, 15 კმ გვაშორებს. მოკლედ, გაამკაცრეთ ზომები და ვინც ჩემზე მეტად თავხედია და 1,2 ან 3 კილომეტრის ფეხით გავლა არ შეუძლია სურსათის მისატანად, ან თავს უფლებას აძლევს კანონდარღვევით მანქანით იაროს, ასწავლეთ კანონის პატივისცემა, გამოუწერეთ ა-ბე გლუკოზა. სანამ ყავას ვსვამდი აივანზე, 20-მდე საეჭვო მანქანა დავთვალე. უწყებრივ მანქანებს და დისტრიბუციას ვასხვავებ. ვისაც არ ესმით, გააგებინეთ. ასევე მკაცრად დასაჯეთ, ვინც პოლიციელზე ხელი თუ ჯოხი აღმართა.

ლევან რატიანის მოწვევით ეთერში რეიტინგი შეიძლება ერთჯერადად აიწიოს. შესაძლოა, რატიანს სხვა არხზე არ ჰყოლოდა “ლაივში” 17 ათასი. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. “მთავარზე” რომ იყო, მაგან გამოიწვია ინტერესი.

სულ მცირე, 60% წამყვანმა ილაპარაკა. ეს ისე…

სხვა რამეს ვეხმაურები. კრიტიკას გვიშლიანო. კრიტიკას კი არა, განსაცდელის დროს პოლიტიკურ ბრძოლას და საკუთარ სახელმწიფოსთან საინფორმაციო ომს, ინფექციურებში კამერებით შევარდნებს, ხალხის დაზაფრვას და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას გიშლით. თუმცა, ვინ დაგიშლით, სრული თავისუფლება გაქვთ. პირბადეებს ახლაც ებრძვით, მიუხედავად სათანადო დასკვნებისა. ამ სამ თვეში იმდენი მიუღებელი რამ იყო…
ასე რომ, აკრიტიკეთ, ნუ ომობთ”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები