ტრამპი რამდენიმე შტატში შეზღუდვების საწინააღმდეგო “აჯანყებას” უჭერს მხარს
ოჰაიოსა და მიჩიგანის შტატების შემდეგ, გუბერნატორების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები პენსილვანიაში, ვირჯინიაში, მინესოტასა და ტეხასში გააპროტესტეს.
შეკრებილები საკარანტინო ზომების წინააღდეგ გამოდიან და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ.
აქციებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და თქვა, რომ აქციის მონაწილეები “დიდი ადამიანები” არიან.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი აქტიურად გამოდიოდა ინიციატივით, რომ ქვეყნის ეკონომიკის გახსნა უკვე მაისში მომხდარიყო, ტრამპმა მიანიშნა, რომ მსგავს გადაწყვეტილება თვითონ მიიღებდა.
თუმცა, მოგვიანებით მან ტონალობა შეცვალა და თქვა, რომ ეკონომიკის გახსნა შტატების გუბერნატორების ინდივიდურ რეჟიმში გადასაწყვეტი საკითხია.
აღნიშნულს მოჰყვა სწორედ აქციების გამართვაც, ტრამპმა კი ქუჩაში გამოსულებს მხარი Twitter-ში დაუჭირა: “გავათავისუფლოთ მიჩიგანი!”, – დაწერა მან ერთ-ერთ “ტვიტში”, შემდეგ მოჰყვა “გავანთავისუფლოთ მინესოტა” და “გავანთავისუფლოთ ვირჯინია!”.
19 აპრილს დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, ხომ არ აწუხებს მას ის ფაქტი, რომ კენტუკის, მიჩიგანისა და ვირჯინიის გათავისუფლების “ტვიტები” პოტენციურად ძალადობის გაღვივებას შეუწყობს ხელს, რადგან ზოგიერთმა გუბერნატორმა მკვლელობის მუქარა მიიღო.
ტრამპმა კი თქვა – “ვხედავდი ამ ხალხს. ამ ხალხის ინტერვიუები მოვისმინე. შესანიშნავი ადამიანები არიან. მათ საკუთარი ცხოვრების დაბრუნება უნდათ. ცხოვრება წაართვეს. ამ ხალხს ჩვენი ქვეყანა უყვარს, სამსახურში დაბრუნება უნდათ”.