ირაკლი ბერაია: რუსეთის დღის წესრიგი არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებთან
„როდესაც მსოფლიო გაერთიანებულია მასშტაბური და განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური საფრთხის საპასუხოდ, რუსეთი აგრძელებს უკანონო ქმედებების კასკადს საქართველოს წინააღმდეგ. „ბორდერიზაციის” უკანონო პროცესის მორიგი შემთხვევები, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაწესებული უკანონო შეზღუდვების გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეუძლებლობით გამოწვეული ურთულესი მდგომარეობის მიზანმიმართული დამძიმება, ვითარების ესკალაციის და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების პროვოკაციული მცდელობა”, – აღნიშნულ განცხადებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„რუსული სპეცსამსახურების, მათ მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო უწყებების და მათზე მიბმული პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციების კედლებში კონსტრუირებული ყალბი რუსული გზავნილები დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოებებში უიმედობისა და პანიკის დათესვას, ჯანდაცვის სისტემების და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაჩენას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, მასობრივი მღელვარების გამოწვევას, სხვადასხვა ძირგამომთხრელ ამოცანებს და რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება. ამ რთულ ვითარებაშიც, საოკუპაციო ძალის ოფიციალური სტრუქტურები კვლავ განაგრძობენ ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის მცდელობებს, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მისი ამ უმნიშვნელოვანესი ერთეულის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. დასკვნა მარტივია… მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოში, რა სირთულეების ან საფრთხეების წინაშე დადგებიან სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები, რუსეთი არ ჩერდება. მისი ქმედებები არ იცვლება. ის არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის თამაშის წესებს. მას თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებთან”, – აღნიშნავს ირაკლი ბერაია.
მისი განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ, რუსეთთან ურთიერთობებში, აუცილებელია მიდგომების მნიშვნელოვანი გადააზრება მოახდინოს.
„რუსეთის საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი და შედეგის მომცემი გამოსავალი არის სულ უფრო მეტი და მეტი ზეწოლა, მასთან არა მხოლოდ მკაცრი ენით საუბარი, არამედ მკაცრი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, ზეწოლის გაზრდა და ამას უნდა ჰქონდეს უნივერსალური ხასიათი”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.