მამა თეოდორე გიგნაძე: ჯვართამაღლების ტაძარში მსახურება, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება (ვიდეო)

ჯვართამაღლების ტაძარის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვიდეომიმართვით ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, მათ ეკლესიაში მსახურება არ შეწყდება, თუმცა მრევლის დასწრება შეიზღუდება, იქამდე სანამ პანდემიის აფეთქების საშიშროება იქნება საქართველოში.
მისივე თქმით, ეკლესიამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
“დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა – იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს – მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში”,-აღნიშნულია მამა თეოდორეს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები