ანა დოლიძე: კონკორდატით, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას ენიჭება პასუხისმგებლობა, გადადგან ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ
“კონკორდატი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი სახელმწიფოსა და ეკლესიის რეგულირებისთვის. ის პირდაპირ ამბობს, რომ ეკლესია და ხელისუფლება ადასტურებენ მზადყოფნას ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპზე დაყრდნობით, იზრუნონ მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, – ასე ეხმაურება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე.
“ორივეს ვალდებულებაა, გადადგას ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ეს არის მთავრი დოკუმენტი და თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ უნდა დარეგულირდეს მართლმადიდებლური საკითხები ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის, პირველ ყოვლისა, კონკორდატში უნდა ჩაიხედონ.
ხელისუფლებამ შექმნა ეს კრიზისი თავის დროზე, როდესაც გეგმავდა საგანგებო მდგომარეობას, არ გაიარა შესაბამისი კონსულტაცია იმ ერთადერთ ინსტიტუტთან, რომელთანაც აქვს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება.
მთავრობამ მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა ბოლო ერთი კვირაა, ნერვიულობს და წნევა უწევს იმის გამო, თუ როგორ დასრულდება ეს მოვლენები. ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა ვალდებულება, გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, გაევლო კონსულტაციები, რათა წინასწარ გვცოდნოდა არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოწოდებას – “დარჩით სახლში” ალტერნატივა არ აქვს.
“საქართველოში ისე გავრცელდება ვირუსი, რომ მოტრიალებას დასჭირდება წლები ან ჩვენ მოქალაქეები, ხელისუფლება და ეკლესია ერთად შევძლებთ, ეს ვირუსი არა მარტო გადავლახოთ, არამედ სამაგალითოდ გამოვჩნდეთ მსოფლიო რუკაზე. აქედან გამომდინარე, ჩემი რწმენითა და მოსაზრებით, რეკომენდაციას – “დარჩით სახლში” ალტერნატივა არ აქვს.
მე თვითონ ძალიან მიყვარს სააღდგომო ლიტანიობა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური რიტუალი, რომელსაც დიდი კულტურული მნიშვნელობაც აქვს. მას ვატარებდი ხოლმე ბოდბის მონასტერში, მაგრამ წელს გავაკეთებ არჩევანს და დავრჩები სახლში არა მარტო ჩემი თავისთვის, ასევე, დედების გულისთვის, რომლებიც იქ არიან და რომლებთანაც ვმეგობრობ, აგრეთვე, ყველა ადამიანისთვის. ვილოცებ სახლში და ეს იქნება ჩემი, როგორც მოქალაქის პატარა წვლილი უკეთესი საქართველოსთვის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.